მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი
Click here for English

მარჯორი უორდროპის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან ქვემოთ განხილული იქნება მისი ლექსიკოგრაფიული საქმიანობა.

1998 წელს პროფესორმა მარიკა ოძელმა გამოსცა მონოგრაფია „ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისათვის“ (თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა). ამ წიგნში მან პირველად აღწერა ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცული მარჯორი უორდროპის ინლისურ-ქართული ლექსიკონი. „ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცულია მარჯორი უორდროპის ნაქონი ინგლისური ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი (Chambers’ Etymological Dictionary of the English language: A New and Thoroughly Revised Edition. Edited by A. Findlatter (interleaved copy, with ms. Notes by M.S. Wardrop for an English-Georgian dictionary). London, 1884. Ward.5.29). იგი 600-გვერდიანია. ყოველი ნაბეჭდი ფურცლის შემდეგ თავისუფალი ფურცელია, სადაც მარჯორი უორდროპის ხელით ზოგიერთ ინგლისურ სიტყვას მიწერილი აქვს ქართული შესატყვისები. ნინო უორდროპის მოგონებიდან ვიგებთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე მუშაობის პერიოდში მარჯორი ადგენდა ინგლისურ-ქართულ ლექსიკონს და 1892 წლის 5 დეკემბერს მან მე-1000 სიტყვა ჩაწერა ამ ლექსიკონში“ (გვ. 34-35), - წერს მკვლევარი თავის მონოგრაფიაში.

2014 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი, დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მთავარი რედაქტორი თინათინ მარგალიტაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსი, ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ ხელმძღვანელი მარიკა ოძელი სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრნენ დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში სამუშაოდ. მივლინება განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი მართლაც ჩეიმბერსის ზემოხსენებულ ინგლისური ენის ეტიმოლოგიურ ლექსიკონში აღმოჩნდა ინტეგრირებული. ეტიმოლოგიური ლექსიკონის სატიტულო ფურცელზე მარჯორის ხელით წერია “and English-Georgian Dictionary” (იხ. სურათი 1).

სურათი 1.

სურათი 2.

ეტიმოლოგიური ლექსიკონის მეორე გვერდზე კი ასევე მისი ხელითაა მიწერილი: English-Georgian Dictionary by Marjory Wardrop. ფურცლის ქვემოთ მარჯორი უთითებს ლექსიკონზე მუშაობის დაწყების თარიღს: 1891 წლის ნოემბერი (Begun November 1891). ასევე უთითებს, რომ 1892 წლის 5 დეკემბერს ლექსიკონში მე-1000 სიტყვა ჩაწერა. ამ თარიღის ქვემოთ წერია Finished - დასრულებული. აქ მას, სავარაუდოდ, ლექსიკონის დასრულების თარიღი უნდა ჩაეწერა, მაგრამ მარჯორის ლექსიკონზე მუშაობა აღარ გაუგრძელებია და იგი დაუსრულებელი დარჩა (იხ. სურათი 2). ამ გლოსარიუმს ლექსიკონი პირობითად დაერქვა, რადგან თავად მთარგმნელმა უწოდა თავის ნაშრომს dictionary.

ჩეიმბერსის ეტიმოლოგიური ლექსიკონი, სავარაუდოდ, სპეციალურად მარჯორისთვის იყო აკინძული ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შესადგენად. ეტიმოლო¬გიური ლექსიკონის ყოველ გვერდს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩართული აქვს ცარიელი ფურცელი, რომელზეც მარჯორი წერდა ინგლისური სიტყვების ქართულ შესატყვისებს და ნელ-ნელა ავსებდა ლექსიკონს (იხ. სურათი 3).

ქართველმა მკვლევრებმა საქართველოში ჩამოიტანეს ლექსიკონის ფოტოასლები და პროფესორ თინათინ მარგალიტაძის ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა მის გაციფრებასა და გამოკვლევაზე. ამ საკითხს თინათინ მარგალიტაძემ და მარიკა ოძელმა მიუძღვნეს სტატია „მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფიული საქმიანობა“, რომელიც დაიბეჭდა ორენოვან ჟურნალ „ქართველოლოგში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე და მოხსენების სახით წარდგენილ იქნა „მე-7 საერთაშორისო ქართველოლოგიურ სიმპოზიუმზე“.

ლექსიკონის მასალის გაციფრებაში მონაწილეობდნენ ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო მოდულის სტუდენტები გვანცა დარბაისელი და მარიამ გუგავა. სტუდენტების მონაწილეობით გაგრძელდება ლექსიკონის სიტყვანის კვლევა, განსაკუთრებით მისი კავშირი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანთან“.

2019 წელს მარჯორი უორდროპის დაბადებიდან 150 წელი სრულდება. ეს წელი მარჯორი უორდროპის წლადაა გამოცხადებული და ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს და ქართული კულტურის ისტორიისათვის ამ დიდ ფიგურას ეძღვნება ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სრულად გაციფრებული ვერსიის ელექტრონული სახით გამოქვეყნება. წლის ბოლოს კი დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტების მონაწილეობით, რომლითაც შეჯამდება მარჯორი უორდროპის ლექსიკონის სიტყვანის კვლევის შედეგები და საზოგადოებას წარედგინება წიგნად გამოცემული ლექსიკონი კომენტარებით.

სურათი 3.

მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონისათვის შემუშავებულია შემდეგი სტრუქტურა: ვინაიდან ლექსიკონს საფუძვლად უდევს ჩეიმბერსის ეტიმოლოგიური ლექსიკონი, ინგლისურ ნაწილში, გარდა მეთაური სიტყვისა,

კვადრატულ ფრჩხილებში ჩეიმბერსის ლექსიკონიდანვე მოყვანილია ის განმარტება, რომელსაც ქართული ეკვივალენტი შეესაბამება.
მაგ. Accession [the act of becoming a ruler of a country] გამეფება.
ინგლისურ მეთაურ სიტყვას მითითებული აქვს გრამატიკული კვალიფიკაცია (n – noun; v – verb; adj – adjective; adv – adverb; pron – pronoun; num – numeral; conj – conjunction; int – interjection; prep – preposition; part - particle). ლექსიკონის ქართულ ნაწილს, რიგ შემთხვევაში, დართული აქვს განმარტება, რომელიც ასევე კვადრატულ ფრჩხილებშია მოთავსებული. ქართულ ეკვივალენტს განმარტება დართული აქვს იმ შემთხვევაში, თუ  ქართული სიტყვა მარჯორის ლექსიკონში გამოყენებული აქვს არა მისი თანამედროვე მნიშვნელობით.
მაგ. Body n  [the whole frame of a man] ხორცი [ქეგლი - ადამიანის სხეული].

ქართული განმარტება გამოყენებულია იმ შემთხვევაშიც, თუ ინგლისური სიტყვის ქართული ეკვივალენტი მოძველებული სიტყვაა და თანამედროვე ქართულ ენაში აღარ გამოიყენება.
მაგ. Boat n  [small open vessel usually moved by oars; a small ship] კარაპა [საბა - მომცრო ნავი], სანდალი [საბა - მომცრო ნავი], ნავი, ვარცლი [საბა - მომცრო ნავი].

ქართული განმარტებები ნაცრისფერი მარკერითაა მონიშნული იმის მისათითებლად, რომ ლექსიკონის ეს ნაწილი რედაქტორების მიერ არის ჩამატებული და ორიგინალ ხელნაწერში არ დასტურდება.
მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში  გამოყენებული ყველა ქართული სიტყვა და მნიშვნელობა გადამოწმებულია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით - ქეგლი); სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონაში; ილია აბულაძის ძველი ქართული ენის ლექსიკონში; ნიკო და დავით ჩუბინაშვილების ლექსიკონებში და სხვა ლექსიკოგრაფიულ წყაროებში.

"მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი"

 

მარჯორი უორდროპი

ვეფხისტყაოსნის პროლოგი. მარჯორი უორდროპის ხელნაწერი

დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია