ინგლისურ-ქართული მრავალდარგოვანი ენციკლოპედიური ლექსიკონი

ტერმინოლოგიურ ლექსიკონებზე მუშაობამ ცხადად დამანახა პრობლემის მასშტაბები, დამანახა რამდენი საქმე იყო გასაკეთებელი ქართულ ტერმინოლოგიაში, პრაქტიკულად ყველა დარგში. ასე დაიბადა „მრავალდარგოვანი ინგლისურ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ იდეა.
მე ჩამოვაყალიბე პროექტის განხორციელების ძირითადი პრინციპები.

ლექსიკონში უნდა შესულიყო სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგია: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, მენეჯმენტი; ბიოლოგია; ზუსტი მეცნიერებები; მედიცინა; იურისპრუდენცია; კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიები; ხელოვნება; პოლიტიკური მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები და სხვა.

სალექსიკონო სიტყვა-სტატიაში შევიდოდა ინგლისური ტერმინი და მისი ინგლისური განმარტება, ასევე ტერმინის ქართული ეკვივალენტი, რომელსაც ქართული განმარტებაც ექნება დართული. 

პროექტის განხორციელებისათვის შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო უნივერსიტეტის რექტორის თავმჯდომარეობით.
საკოორდინაციო საბჭოს უნდა მოემზადებინა თეორიული საფუძველი ენციკლოპედიური ლექსიკონის სწორად შესაქმნელად, კოორდინაცია გაეწია უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებებზე ტერმინოლოგიური მუშაობისათვის და გაეკონტროლებინა შექმნილი სიტყვა-სტატიების ხარისხი. საკოორდინაციო საბჭოს ასევე უნდა ეზრუნა დაფინანსების მოპოვებაზე პროექტის მონაწილეებისათვის.

ტერმინებზე უნდა ემუშავათ სტუდენტებს, ძირითადად მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. მათ მიერ შედგენილ სიტყვა-სტატიებს რედაქციას გაუკეთებდა მიმართულების პროფესორი, რომელიც იქნებოდა საუნივერსიტეტო საკოორდინაციო საბჭოს წევრი. ყოველი დარგისათვის უნდა შექმნილიყო საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც დარგის რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი გაერთიანდებოდა. საკონსულტაციო საბჭოს ტერმინებზე მომუშავე სტუდენტებისა და რედაქტორის ჯგუფი განსახილველად წარუდგენდა ტერმინშემოქმედების გზით შექმნილ ახალ ქართულ ტერმინებს. მათ მიერ მოწონებული ქართული ტერმინები უფრო ადვილად დამკვიდრდებოდა დარგში.

ლექსიკოგრაფიის ცენტრი ვალდებულებას იღებდა მოემზადებინა პროექტში ჩართული სტუდენტები, ჩაეტარებინა მათთვის ლექციები თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაზე, ტერმინშემოქმედების ძირითად მეთოდებზე, ჩაეტარებინა მასტერკლასები და პრაქტიკულად ეჩვენებინა სტუდენტებისათვის როგორ, რა მეთოდებით შეიძლება ტერმინების შექმნა და სხვა.

უნივერსიტეტისა და პროექტში ჩართული ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებთან ერთად უნდა შემუშავებულიყო რაში ჩაეთვლებოდათ პროფესორებს და სტუდენტებს ლექსიკონზე მუშაობა. მაგ. მაგისტრანტებს სალექსიკონო სიტყვა-სტატიები შეიძლებოდა სამაგისტრო ნაშრომის ნაწილის სახით წარმოედგინა. დოქტორანტებს ლექსიკოგრაფიული მუშაობა შეიძლება სადოქტორო სემინარად ან პროფესორის ასისტენტობად ჩათვლოდა და მათ კრედიტები მიეღოთ ამ საქმიანობისათვის. ეს მუშაობა დატვირთვაში უნდა ჩათვლოდათ პროფესორებსაც.

უნდა შექმნილიყო ონლაინ-ლექსიკონის პროგრამა, რომლის მონახაზი უკვე არსებობდა და თქვენ მას ფოტოებზე ხედავთ.  ლექსიკონი უნდა ყოფილიყო უფასო ონლაინ-რესურსი, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნებოდა.

თითქმის წელიწადნახევარი ვიმუშავე ამ პროექტზე, ვიყავი ბევრ ფაკულტეტზე და მიმართულებაზე. ყველგან იდეას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ.
რითი დასრულდა ეს ყველაფერი?

პროექტი დაიბლოკა...

ჩვენ გვჯერა, რომ მოგვეცემა ამ მეტად საჭირო პროექტის განხორციელების საშუალება.

 

 

 


 
დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია