2014 – 2016 წლებში ლექსიკოგრაფიის ცენტრი მუშაობდა ინგლისურ-რუსულ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ონლაინლექსიკონზე. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ონლაინლექსიკონი ინტერნეტში განთავსებულია მისამართზე: https://techdict.ge.
ტექნიკური ტერმინოლოგიის ონლაინლექსიკონი არის პირველი ინგლისურ-ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკონი, რომელიც მომზადდა როგორც მონაცემთა ბაზა ამ პროექტისათვის შექმნილ მრავალენოვანი ლექსიკონის მართვის სისტემაში.
ტექნიკური ტერმინოლოგიის ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში ძირითადად შევიდა ელექტრონული და კომპიუტერული ტექნიკის, მანქანა-დანადგარებისა და ნაწილების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, საავტომობილო, სამშენებლო, სამთამადნო, სარკინიგზო და ჰიდროტექნიკური ტერმინოლოგია.
სიტყვა-სტატიებს ლექსიკონში მითითებული აქვს ტრანსკრიფციები, დარგობრივი კვალიფიკაციები. ტერმინებს ხშირ შემთხვევაში დართული აქვს მცირე განმარტება, რომელიც აზუსტებს ტერმინის მნიშვნელობას. ლექსიკონში მაქსიმალურადაა ასახული ტერმინთა პოლისემია, მითითებულია სინონიმები, მსგავსი და დაკავშირებული სიტყვები, აბრევიატურები და სხვა. გარდა ინგლისური და ქართული ტერმინებისა, სიტყვა-სტატიების მნიშვნელოვან ნაწილს დართული აქვს რუსული ეკვივალენტებიც.
ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონში არის 18 670 ინგლისური სიტყვა-სტატია, 24 036 ქართული სიტყვა-სტატია და 11 591 რუსული სიტყვა-სტატია, სულ 54 297 სიტყვა-სტატია.
გარდა ამისა ლექსიკონში არის 87 292 ტერმინოლოგიური წყვილი: ინგლისურ-ქართული 18 670, ინგლისურ-რუსული 8 516, ქართულ-ინგლისური 24 036, ქართულ-რუსული 12 966, რუსულ-ინგლისური 11 591 და რუსულ-ქართული 11 513.
ლექსიკონში ცალკეული, განსაკუთრებით აქტუალური დარგების მაქსიმალურად დეტალური და სრული წარმოდგენის მიზნით, ლექსიკონისათვის მომზადდა აბრევიატურების ინდექსი და შემდეგი დანართები: ძირითადი საზომი ერთეულები; SI სისტემის პრეფიქსები; ქიმიური ელემენტები (ატომური რიცხვის და ანბანის მიხედვით); ე.წ. „სათბურის ეფექტის“ გამომწვევი აირები.
ტექნიკური ლექსიკონის ონლაინვერსიას აქვს მართვის პანელი, რაც სარედაქციო გუნდს საშუალებას აძლევს განაგრძოს ლექსიკონზე მუშაობა, დაამატოს მას ახალი ტერმინები, განაახლოს არსებული მასალა და მოამზადოს ლექსიკონის ახალი რედაქციები.
ლექსიკონზე მუშაობდნენ: თინათინ მარგალიტაძე (რედაქტორი და პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი მელაძე (შემდგენელი), გელა ხუნდაძე (შემდგენელი), ზაალ ზურაბაშვილი (ასისტენტ-შემდგენელი), მაია დავლიანიძე (ტექნიკური რედაქტორი).
დიზაინი და პროგრამირება ეკუთვნის გიორგი ქერეჭაშვილს.
ტექნიკური ლექსიკონის პროექტის შესახებ მე წავიკითხე მოხსენება 2018 წელს, ლიუბლიანაში, ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესზე. ქვემოთ გთავაზობთ კონგრესის კრებულში გამოქვეყნებული ჩემი სტატიის ბმულს.
https://euralex.org/
|
|