თანამედროვე ქართული ტერმინოლოგიის პრობლემები

„ინგლისურ-ქართულ ბიოლოგიურ ლექსიკონზე“ მუშაობისას განსაკუთრებით მწვავედ გავაცნობიერეთ ის, თუ რა ვითარებაა თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაში, რომელიც ძირითადად ტრანსლიტერაციის გზით დამკვიდრებული ტერმინებით ივსება: რეციპროკული ტრანსლოკაცია, ტრანზიციული მუტაცია, ინკორპორაცია, რეპარაცია, ინბრიდინგი, აუტბრიდინგი, ადიტიური, დიმინუცია, პრეციპიტაცია, მაპრეციპიტირებელი, დელეცია, ნეიროტრანსმიტერი, ინდუცირება, ლოკომოცია, შაპერონი, ინჰიბიცია, ადჰეზია, ფოლდინგი, ქემორეპელენტი, ქემოატრაქტანტი, სუპერფიციალური, ინკორპორირება, ფალიციტაცია, სუპრესია, რეციპიენტი, პრეკურსორი, ობლიგატური, რეზისტენტობა, სუსპენდირებული, რეპრესირებული, პენეტრანტობა და ა.შ.

დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ მოვქცეულიყავით. ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში მუშაობდა ინგლისურ-ქართულ ტერმინოლოგიაზე, იყენებდა არსებულ ტერმინოლოგიურ ლექსიკონებს და ჰყავდა ექსპერტთა კომისია, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცალკეულ ტერმინთა ქართული ეკვივალენტების დადგენაში. ამდენად, ჩვენგვქონდა საშუალება დავკვირვებოდით, თუ როგორი მეთოდებით იქმნებოდა ტერმინთა ქართული ეკვივალენტები.
ჩვენ შევისწავლეთ ქართული ტერმინშემოქმედების მეთოდები დაგავაანალიზეთ ჩვენი გამოცდილება. დავიწყეთინგლისურ ტერმინთა ქართული ეკვივალენტების შექმნა, რომელთაც ვუგზავნიდით ლექსიკონის რედაქტორს - ნინო ფორაქიშვილს. ნინო თავდაპირველად ყოყმანობდა, მაგრამ შემდეგ იმდენად მოეწონა ეს პროცესი, რომ უკვე თავადაც აქტიურად გვთავაზობდა მის მიერ შექმნილ ქართულ ტერმინებს.

ქვემოთ გთავაზობთ ჩვენ მიერ შექმნილ ქართულ ტერმინებს, ასევე გთავაზობთ სტატიას „ტერმინოლოგიური პოლიტიკის საკითხისათვის საქართველოში“, რომელშიც ასახულია ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობის ჩვენი გამოცდილება. ამ თემაზე მე წავიკითხე პლენარული მოხსენება ბათუმში 2018 წელს, საერთაშორისო კონფერენციაზე  „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში III“, სტატია კი დაიბეჭდა კონფერენციის კრებულში 2019 წელს.


ადიტიური - ჯამური
შაპერონი - მეთვალყურე
ნეორიტრანსმიტერი - ნეიროგადამტანი
ინჰიბიცია - დათრგუნვა
ფოლდინგი - დაკეცვა
რეპარაცია - აღდგენა
ქემოატრაქტანტი - ქემომიმზიდველი
ქემორეპელენტი - ქემოგანმზიდველი
პრეციპიტაცია - გამოლექვა
დიმინუცია - დაკლება
პენეტრანტობა - შეღწევადობა
მიმეტიკური - მიბაძვითი
პოსტბრანქიალური - ლაყუჩუკანა
პრებრანქიალური - ლაყუჩწინა
პოსტკრანიალური - თავისქალისუკანა
რეზისტენტობა - მდგრადობა
პერმისიული - დამშვები
მაპრეციპიტირებელი - გამომლექი
რადიოტრასირი - რადიომგეზავი
ჰალოტოლერანტული - მარილამტანი
იმპრინტინგი - ანაბეჭდი
პროგენიტალური უჯრედი - წინამორბედი უჯრედი
პერიცელულარული - უჯრედისირგვლივი
სუსპენდირებული - შეტივტივებული ...

ტერმინოლოგიური პოლიტიკის საკითხისათვის საქართველოში
(PDF)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 
დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია