ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი

ჩვენი მომდევნო ტერმინოლოგიური ლექსიკონი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა, რისთვისაც ფონდის მადლობელი ვართ.

ეს ლექსიკონია „ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინ-ლექსიკონი“. ჩვენი დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ბაზაში ბევრი ტერმინი გვქონდა ისეთი დარგებიდან, როგორიცაა: ბოტანიკა, ზოოლოგია, ანატომია, ფიზიოლოგია და სხვა. სწორედ ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა ბიოლოგიური ლექსიკონის შექმნა და განაცხადის შეტანა სამეცნიერო ფონდში.

„ინგლისურ-ქართულ ბიოლოგიურ ლექსიკონს“ ვერ შევქმნიდით ჩვენ გვერდით პროფესორი ნინო ფორაქიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩინებული მეცნიერი, რომელიც დღეს დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობს, თუმცა თსუ-ს პროფესორიცაა და აქაც ხელმძღვანელობს კათედრას. ნინო ფორაქიშვილი არის პირველი იმუნოლოგიის კათედრის დამაარსებელი მთელს კავკასიაში და დღეს აღიარებული მეცნიერია დიდი საერთაშორისო ავტორიტეტით. ნინო ადრეც თანამშრომლობდა ჩვენს გუნდთან ბიოლოგიის ტერმინების დასადგენად და არც ამჯერად გვითხრა უარი, მიუხედავად მისი უკიდურესად გადატვირთული გრაფიკისა.

ინგლისურ-ქართულ ბიოლოგიურ ლექსიკონში შესულია 23 000 ტერმინი, რომლებიც ქვედარგების მიხედვითაა წარმოდგენილი. ტერმინებს ახლავს სათანადო დარგობრივი კვალიფიკაციები. ლექსიკონში წარმოდგენილი ქვედარგებია: ანატომია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ბიოტექნოლოგია, გენეტიკა, იმუნოლოგია, ფიზიოლოგია და სხვა.

ლექსიკონში მაქსიმალურადაა ასახული ცხოველთა და მცენარეთა უკანასკნელ ხანებში აღმოჩენილი სახეობები; ხშირ შემთხვევაში, ცხოველებისა და მცენარეებისათვის, ძველ კატეგორიებთან ერთად, მითითებულია თანამედროვე გენეტიკური კვლევების საფუძველზე მათთვის ახლად მინიჭებული ტაქსონომიური კატეგორიები. ცხოველებისა და მცენარეების სახეობათა აღმნიშვნელ ინგლისურ ტერმინებს დართული აქვს შესაბამისი ლათინური სახელწოდებები. ლექსიკონში აგრეთვე ასახულია საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ცხოველთა და მცენარეთა ძირითადი ენდემური სახეობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერმინებს ისეთი დარგებიდან, როგორიცაა გენეტიკა, იმუნოლოგია, ბიოტექნოლოგია. ინგლისურ-ქართულ ბიოლოგიურ ლექსიკონში მაქსიმალურად აისახა და აღიწერა თანამედროვე ბიოლოგიური ტერმინების პოლისემია, სინონიმია. ტერმინებს, საჭიროების შემთხვევაში, დაერთო აბრევიატურები. სიტყვა-სტატიებზე მუშაობისას დიდი ყურადღება ეთმობოდა უახლესი ინფორმაციის მოძიებას ამა თუ იმ ტერმინთან დაკავშირებით და აღნიშნული ინფორმაციის ასახვას ლექსიკონში. ინგლისურ ტერმინებს დართული აქვს მცირე განმარტებები, რაც ლექსიკონს სასწავლო ლექსიკონის ფუნქციასაც ანიჭებს.
ლექსიკონისთვის შეიქმნა შემდეგი მოკლე ცნობარები:

  1. აბრევიატურების ინდექსი
  2. ძირითადი ტაქსონომიური კატეგორიები
  3. გეოლოგიური წელთაღრიცხვა
  4. სტანდარტული გენეტიკური კოდი (კოდონებისა და ამინომჟავების მიხედვით)
  5. საზომი ერთეულები

სარედაქციო კოლეგია

  • მარგალიტაძე თ. (რედაქტორი)
  • ფორაქიშვილი ნ. (რედაქტორი)
  • მელაძე გიორგი (შემდგენელი)
  • ხუნდაძე გელა (შემდგენელი)
  • დავლიანიძე მაია (ასისტენტ-შემდგენელი)

კონსულტანტები

  • შუქია აფრიდონიძე
  • არნოლდ გეგეჭკორი
  • მანანა ჭურაძე
  • ირინა კვაჭაძე

პროგრამირება

  • გიორგი ქერეჭაშვილი

ლექსიკოგრაფიის ცენტრი ბიოლოგიურ ლექსიკონზე მუშაობდა 2012 – 2014 წლებში. ლექსიკონი ინტერნეტში განთავსებულია მისამართზე: http://bio.dict.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 
დასავლეთ ევროპული ენების ინსტიტუტი 2020 წ. | დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია