ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი

2019 წელს ლექსიკოგრაფიის ცენტრმა წიგნად გამოსცა „ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი“. ლექსიკონი მოიცავს 1106 ნაბეჭდ გვერდს და 30 000 ყველაზე ხშირად ხმარებულ ინგლისურ სიტყვას.

გთავაზობთ ლექსიკონის წინასიტყვაობას.

წინასიტყვაობა


მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში სასწავლო ლექსიკოგრაფია იქცა ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთ წამყვან ჟანრად დიდ ბრიტანეთში. იგი დაკავშირებულია ისეთ ცნობილ ბრიტანელ მეცნიერთა სახელებთან, როგორებიც არიან: ჰაროლდ პალმერი, ალბერტ ჰორნბი და მაიკლ უესტი. ამ ჟანრის განვითარებას ბიძგი მისცა ინგლისური ენის შესწავლისადმი გაზრდილმა ინტერესმა მთელს მსოფლიოში, აგრეთვე მეცნიერულმა მიდგომამ ენების, განსაკუთრებით კი - ინგლისური ენის სწავლებისადმი. პირველი სასწავლო ლექსიკონები იაპონიაში შეიქმნა გასული საუკუნის 20-იან წლებში ტოკიოს „ინგლისური ენის სწავლების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში“, რომლის დირექტორი 1923 - 1936 წლებში ჰაროლდ პალმერი იყო.

1927 წელს ზემოხსენებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს დაევალა ინგლისური ენის „ლექსიკური მინიმუმის“ შემუშავება (controlled vocabulary).  ლექსიკურ მინიმუმში უნდა შესულიყო ის სიტყვები (1000 - 2000 სიტყვა), რომელთა ცოდნაც ენის შემსწავლელს ყოველდღიური კომუნიკაციის დამყარების საშუალებას მისცემდა. მეცნიერებმა სხვადასხვა მეთოდი შეიმუშავეს ლექსიკურ მინიმუმში შესატანი სიტყვების დასადგენად, მოგვიანებით კი ეს სიტყვები იქცა სასწავლო ლექსიკონების შედგენის ძირითად „საშენ აგურებად“. პირველი თაობის სასწავლო ლექსიკონებში 20.000 ან მეტი ინგლისური სიტყვა განიმარტებოდა 1500 - 2000 სიტყვის მეშვეობით.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ელექტრონული კორპუსების განვითარებამ წარმოშვა მეორე თაობის სასწავლო ლექსიკონები, რომელთა პირველი ნიმუში კობილდის ინგლისური ენის ლექსიკონი იყო. ლექსიკონი შეადგინეს ბირმინგემის უნივერსიტეტში ჯონ სინკლერის ხელმძღვანელობით და მასზე მუშაობის ყოველი ეტაპი (მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა დამუშავება და სხვა) ეფუძნებოდა ამავე უნივერსიტეტში შექმნილ კორპუსს. ამ პერიოდიდან ელექტრონული კორპუსები და სიხშირული პრინციპით შერჩეული სალექსიკონო მასალა (სიტყვები, მნიშვნელობები, შესიტყვებები, ფრაზული ზმნები, იდიომები, საილუსტრაციო ფრაზები და წინადადებები) იქცა სასწავლო ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიშან-თვისებად.

დიდი ხნის განმავლობაში სასწავლო ლექსიკონებად ითვლებოდა მხოლოდ ერთენოვანი განმარტებითი ლექსიკონები. ინგლისური ენის სასწავლო ლექსიკონებს შორის ყველაზე ავტორიტეტული და სარწმუნო აკადემიური ლექსიკონებია„დიდ ხუთეულად“ წოდებული შემდეგი ლექსიკონები: ოქსფორდის სასწავლო ლექსიკონი ენის მაღალი დონის შემსწავლელთათვის (Oxford Advanced Learner’s Dictionary), კემბრიჯის ინგლისური ენის საერთაშორისო ლექსიკონი (The Cambridge International Dictionary of English), კოლინზის კობილდის ინგლისური ენის ლექსიკონი (The Collins COBUILD English Language Dictionary), ლონგმენის თანამედროვე ინგლისური ენის ლექსიკონი (The Longman Dictionary of Contemporary English) და მაკმილანის ინგლისური ენის ლექსიკონი (The Macmillan English Dictionary).

უკანასკნელ წლებში ენათმეცნიერები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ალაპარაკდნენ ორენოვანი სასწავლო ლექსიკონების დიდ საჭიროებაზე და მათს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე უცხო ენების სწავლების საქმეში. დამუშავდა ორენოვანი სასწავლო ლექსიკონების შედგენის სხვადასხვა მეთოდი, რომელთა შორის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია დიდი ორენოვანი ლექსიკონის სასწავლო ლექსიკონად გარდაქმნის მეთოდი.

წინამდებარე „ინგლისურ-ქართულ სასწავლო ლექსიკონზე“ მუშაობისას ჩვენმა გუნდმაც ეს მეთოდი აირჩია და ათი წლის წინ დაიწყო „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ მასალის გარდაქმნა სასწავლო ლექსიკონად. „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“ ამავე გუნდის მიერ არის  შექმნილი და მასზე მუშაობა თითქმის ოთხ ათეულ წელს ითვლის. 1995 წელს დაიწყო „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ ტომებად გამოცემა, 2010 წელს კი  ინტერნეტში განთავსდა მისი ონლაინ-ვერსია მისამართზე: www.dict.ge.

დიდი ლექსიკონის გარდაქმნის პროცესი მექანიკური არ ყოფილა. „დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში“ ჩვენი გუნდი ცდილობდა, მაქსიმალურად სრულად აესახა ინგლისური სიტყვების პოლისემია არქაულ და მოძველებულ მნიშვნელობათა ჩათვლით, შესიტყვებები, ფრაზეოლოგიური ერთეულები. სასწავლო ლექსიკონში კი მასალის შერჩევა მთლიანად სიხშირულ პრინციპს დაეფუძნა. გარდა ამისა, ინგლისური ენა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ საჭირო გახდა ახალი მნიშვნელობების დამატება დიდი ლექსიკონის სიტყვა-სტატიებისათვის, საილუსტრაციო მასალის შეცვლა სასწავლო ლექსიკონისათვის უფრო შესაფერისი ფრაზებითა და წინადადებებით და სხვა. უფრო მეტიც, სასწავლო ლექსიკონში შეტანილი ცვლილებები თავად იქცა „დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის“ განახლების წყაროდ  და საფუძვლად.

ლექსიკონზე მუშაობისას ძალიან ძნელია წერტილის დასმა: ლექსიკონი ხომ ის ნაწარმოებია, რომელიც მუდმივ დახვეწას, განახლებას, შევსებას საჭიროებს. ხანგრძლივი დაძაბული მუშაობის შემდეგ ინგლისური ენის ქართველ შემსწავლელებს ვთავაზობთ „ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის“ პირველ გამოცემას. ლექსიკონზე მუშაობა კი გაგრძელდება მომდევნო გამოცემებისათვის.

ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია მადლიერებით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნას წინამდებარე ლექსიკონთან დაკავშირებით.

თინათინ მარგალიტაძე
რედაქტორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 
დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია