ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის უცნობი ფურცლები
(ჯორჯ ელისის ქართველური ენების შედარებითი ლექსიკონი)

1963 წლის 26 ივლისს, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა ცნობილი ქართველი ანგლისტის, პროფესორ  ნიკო ყიასაშვილის სტატია „ერთი უნიკალური წიგნის შესახებ“. სწორედ ამ სტატიით შეიტყო პირველად ქართულმა საზოგადოებამ ბრიტანელი ავტორის ჯორჯ ელისის წიგნის შესახებ „რუკა შავი და კასპიის ზღვებს შორის მოთავსებული ქვეყნებისა, კავკასიის ხალხთა აღწერითა და მათი ენების სიტყვარებით“ (Memoir of Map of the Countries Comprehended Between the Black Sea, and the Caspian, with an Account of the Caucasian Nations and Vocabularies of their Languages).

წიგნი 1788 წელს გამოიცა ლონდონში და მასში აღწერილია კავკასიის ხალხთა ისტორია, კულტურა, რელიგია, მოცემულია ინფორმაცია კავკასიის რეგიონში გავრცელებული ენების შესახებ. კავკასიის ქვეყნებს შორის გარკვეული ადგილი ეთმობა საქართველოს, რომელსაც ავტორი ურთავს ქართველური ენების მომცრო შედარებით ლექსიკონს. საყურადღებოა, რომ ავტორი ინტერესდება არა მხოლოდ ქართული ენით, არამედ ქართველური ენებით, და წიგნში ქართულთან ერთად წარმოდგენილია მეგრული და სვანური ენების მასალაც. შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნში შესული ლექსიკოგრაფიული მასალა არის პირველი ნიმუში ქართველური ენების განხილვისა ინგლისურ ენასთან მიმართებით. სწორედ ამიტომ მიიპყრო წიგნმა ბატონი ნიკო ყიასაშვილის ყურადღება იმ ეთნოგრაფიულ, გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ინფორმაციასთან ერთად, რასაც იგი შეიცავს საქართველოს შესახებ. სწორედ ამ ლექსიკოგრაფიულმა მასალამ განსაზღვრა ჩვენი ინტერესიც ჯორჯ ელისის აღნიშნული წიგნისადმი.

წინამდებარე გამოცემა მეორე წიგნია იმ ციკლიდან, რომელიც ეძღვნება ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორიის ადრეული პერიოდის შესწავლას. ამ ციკლის პირველი წიგნი გამოიცა 2019 წელს და მასში შევიდა დიდი ბრიტანელი ქართველოლოგის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე პირველი მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“ (უორდროპი 2019) ორენოვანი ინგლისურ-ქართული შესავლითა და კომენტარებით.
ჯორჯ ელისის ქართველური ენების ლექსიკონისთვის შემუშავდა ლექსიკონის გაციფრების პრინციპები, დამუშავდა ტრანსლიტერაციის წესები როგორც ქართული, ისე მეგრული და სვანური ენებისათვის. ვინაიდან ლექსიკონს თავად არ ახლავს ტრანსლიტერაციის წესები, ეს წესები აღიწერა სამივე ქართველური ენის მასალაზე დაკვირვებითა და მისი სიხშირული შესწავლის საფუძველზე.

წიგნის პირველი თავი ეთმობა ჯორჯ ელისს და მისი ლექსიკონის წყაროების მიმოხილვას. ამავე თავში მოცემულია თავად ქართველური ენების შედარებითი ლექსიკონი, აღწერილია ლექსიკონის გაციფრების პრინციპები და ტრანსლიტერაციის წესები.

წიგნის მეორე თავში წარმოდგენილია ჩვენ მიერ გაციფრებული ქართველური ენების შედარებითი ლექსიკონი და მისი ანალიზი. ლექსიკონის უკეთ აღქმის მიზნით, იგი დაყოფილია სამ ნაწილად: ინგლისურ-ქართულ, ინგლისურ-მეგრულ და ინგლისურ-სვანურ ნაწილებად. მეორე თავის ბოლოს კი მოცემულია ჯორჯ ელისის ქართველური ენების გაერთიანებული ლექსიკონი, რომელშიც ქართველური ენების ნაწილი ქართული ანბანითაა ჩაწერილი.

 

 

გადმოწერეთ ონლაინ PDF ვერსია


 
დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია