მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!

მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ 2016 წელს დაარსდა.

ამ მოძრაობის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქცია, კონკურსი, საჯარო ლექცია ჩატარდა.

მაისურების აქცია-გამოწვევა

პირველი აქცია იყო „მაისურების აქცია“, რომლითაც დაიწყო მოძრაობა. მოძრაობის ფარგლებში რამდენიმე თვე მიმდინარეობდა მაისურების აქცია-გამოწვევა, რომელშიც ბევრი მოქალაქე, პროფესორ-მასწავლებელი, კურსდამთავრებული, სტუდენტი, სკოლის მოსწავლე ჩაება. აქციის მონაწილეები მაისურს წინა მხარეს აწერდნენ #არაბარბარიზმებს, ხოლო ზურგზე წითელი ხაზებით გადახაზულ რომელიმე ბარბარიზმს. ეს იყო ბარბარიზმების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის გამოხატულება.

სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად, მოძრაობის #არაბარბარიზმებს  ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდებოდა ბარბარიზმების შემცველი სიტყვა-სტატიები, რომლებშიც მითითებული იყო ბარბარიზმის წყარო და ქართული შესატყვისი. როდესაც ბარბარიზმების რაოდენობამ 200 მიაღწია, დაიბადა ბარბარიზმების ლექსიკონის შექმნის იდეა, რათა ის მასალა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იქმნებოდა მოძრაობის ფარგლებში, ერთად ყოფილიყო თავმოყრილი.

2017 წლის 19 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც შეჯამდა მოძრაობის #არაბარბარიზმებს პირველი ეტაპი და საზოგადოებას წარედგინა ბარბარიზმების ლექსიკონის ნაბეჭდი ვერსია
(ლექსიკონის პედეეფ-ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: margaliti.com/barbarism.pdf).

ბარბარიზმების ონლაინ-ლექსიკონი

2017 წელს მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში შევადგინეთ და ინტერნეტში გამოვაქვეყნეთ „ბარბარიზმების ონლაინ-ლექსიკონი“. ლექსიკონში შევიდა 1,100 რუსული და ინგლისური წარმომავლობის ბარბარიზმი. ლექსიკონი ძალიან პოპულარული გახდა, დღეისათვის იგი გამოიყენა თითქმის 160, 000 ადამიანმა. ყოველ ბარბარიზმს მითითებული აქვს ქართული ეკვივალენტი და მომხმარებელს შეუძლია ის მოიწონოს ან დაიწუნოს. ამჟამად ლექსიკონს აქვს თითქმის 12,000 კომენტარი და არც ერთი არ არის უარყოფითი.

www.barbarisms.ge

„ბარბარიზმების ლექსიკონის“ შესახებ 2018 წელს წავიკითხე მოხსენება ინსბრუკის უნივერსიტეტში (ავსტრია) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესებზე მქონდა პლენარული მოხსენება ბათუმის საერთაშორისო კონფერენზციაზე 2018 წელს.
ამ საკითხებზე დაწერილი სტატია „ენა და კულტურის ეკოლოგია“ შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ მისამართზე:

margaliti.com/languageandculture.pdf

კონკურსი „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“
2018 წელს ლექსიკოგრაფიის ცენტრმა მოძრაობის „არა ბარბარიზმებს!“ ფარგლებში ჩაატარა კონკურსი „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“.
კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით 32 სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს ესეი თემაზე „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“. კონკურსის ჟიურიმ განიხილა 125 ესეი და მათგან 20 მოსწავლე მიიჩნია გამარჯვებულად. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ 2018 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დღეს უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე. გამარჯვებული მოსწავლეების ესეები დაიბეჭდა კრებულად, რომელიც გამოქვეყნებულია ინტერნეტში შემდეგ მისამართზე:

barbarisms.ge/files/eseebis-krebuli.pdf

 

 

 

 


 
დასავლეთ ევროპული ენების ინსტიტუტი 2020 წ. | დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია