ბრძოლა ლექსიკოგრაფიისათვის

ერთ მშვენიერ დღეს ქართველმა ლექსიკოგრაფებმა გაიღვიძეს რეფორმირებულ საქართველოში და აღმოაჩინეს, რომ ლექსიკოგრაფია აღარ არის მეცნიერება, რომ დიდი ინგლისურ-ქართული აკადემიური ლექსიკონის ტომები არ არის ნაშრომი, ნაშრომი არის ამ ლექსიკონზე დაწერილი სტატია, ლექსიკონი ლამის სალანძღავ სიტყვად გადაიქცა...

არავინ იფიქრა იმაზე, რომ ასეთი მიდგომით დარგში გაჩნდებოდა კადრების დეფიციტი, თორემ ლექსიკონების დეფიციტი ისედაც იყო და არის. თუ ლექსიკოგრაფს არ დააფასებ, თუ ხელფასს არ გადაუხდი, კონკურსების დროს მის მიერ შედგენილ ლექსიკონს არაფერში არ ჩაუთვლი, პატივისცემას არ გამოუხატავ, ვინ, რომელი ახალგაზრდა მოინდომებდა გამხდარიყო ლექსიკოგრაფი!

ამ მიდგომამ ლექსიკოგრაფიის მიმართ მეორე უარყოფითი შედეგი მოიტანა, დაიკარგა ლექსიკონის გამოყენების კულტურა, რამაც ბევრი უარყოფითი შედეგი მოიტანა, მათ შორის არის ის პროცესები, რაც თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარეობს.

დაიწყო ბრძოლა ქართული ლექსიკოგრაფიისათვის.

2010 წელს ლექსიკოგრაფიის ცენტრმა, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარეს პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. ამ სიმპოზიუმზე ქართველმა ლექსიკოგრაფებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს მთავრობისა და აკადემიური საზოგადოებისადმი, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო დარგში არსებული უმძიმესი მდგომარეობა, მისი გამომწვევი მიზეზები და შეთავაზებული იყო ის ნაბიჯები, რაც ამ მდგომარეობას გამოასწორებდა (მიმართვის სრული ტექსტი იხილეთ ამ ბმულზე blog.dictionary.ge/archives/114).  გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. ორი წლის შემდეგ ჩატარებული კიდევ ერთი საერთაშორისო სიმპოზიუმისათვის გრანტი გამოყო შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, უნივერსიტეტში ამუშავდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ლექსიკოგრაფიაში, კვალიფიკაციათა ეროვნულ ჩარჩოში შევიდა სპეციალობა „ლექსიკოგრაფიის მაგისტრი“ და სხვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დამოკიდებულება ლექსიკოგრაფიისადმი უფრო დამახასიათებელია ანგლო-ამერიკული ლექსიკოგრაფიული ტრადიციისათვის. ამ აზრს არ იზიარებენ, მაგალითისათვის, გერმანელი მეცნიერები. მოგეხსენებათ, ავტორიტარიზმი მარტო პოლიტიკაში არ გვხვდება, ავტორიტარიზმი მეცნიერებაშიც არის ფეხმოკიდებული და, ხშირად, ავტორიტეტული მეცნიერის აზრი, მათ შორის მცდარიც, გავლენას ახდენს დარგში გაბატონებულ თვალსაზრისზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ასე მოხდა ლექსიკოგრაფიაშიც, რამდენიმე ცნობილი ევროპელი ლექსიკოგრაფის აზრმა იმის შესახებ, რომ ლექსიკოგრაფია არ არის მეცნიერება და ლექსიკოგრაფიას არა აქვს თეორია, დაღი დაასვა ლექსიკოგრაფიის სწორ გაგებას და გახდა ზემოთმოყვანილი მოსაზრებების წყარო.

ლექსიკოგრაფიისათვის ბრძოლა გრძელდება! ჯერჯერობით იმას მივაღწიეთ, რომ მავანნი ერიდებიან ხმამაღალ განცხადებებს, რომ ლექსიკოგრაფია არ არის მეცნიერება. სამწუხარო ის არის, რომ დიდ დროს ვკარგავთ მაშინ, როდესაც ამდენი საქმეა გასაკეთებელი.
ლექსიკოგრაფიისათვის ბრძოლამ ერთ რამეში დამარწმუნა. მეცნიერი არ უნდა შეეგუოს ავტორიტარიზმს მეცნიერებაში და თავისი შინაგანი რწმენისა და ცოდნის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

ორი წლის წინ მე გამოვაქვეყნე სტატია „კიდევ ერთხელ იმის შესახებ, თუ რატომ არის ლექსიკოგრაფია მეცნიერება (Once again why lexicography is science). ეს სტატია დაეფუძნა ჩემს პლენარულ მოხსენებას, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წავიკითხე 2017 წელს, აფრიკის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის 22-ე საერთაშორისო კონფერენციაზე.

ეს სტატია არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია, რომელსაც კითხულობენ სხვადასხვა ქვეყნის ლინგვისტები და ლექსიკოგრაფები.

ამ სტატიაში მე დაუფარავად ვწერ იმაზე, თუ რა არის, ჩემი აზრით, ამ მეტად საზიანო და მავნე დამოკიდებულების მიზეზი ლექსიკოგრაფიის სტატუსისადმი და რა უარყოფითი შედეგები მოაქვს მას ენებისთვის, ჩვენს შემთხვევაში კი ჩვენი მშობლიური ენისათვის.
ქვემოთ გთავაზობთ ბმულს აღნიშნულ სტატიაზე.

lexikos.journals.ac.za/pub/article/view/1464

 

 

 

 

 

 


 
დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია