გიორგი მელაძის წიგნი „გერმანიკული ტომების ისტორია და კულტურა“

2019 წელს „ლექსიკოგრაფიის ცენტრმა“ გამოსაცემად მოამზადა გიორგი მელაძის წიგნი „გერმანიკული ტომების ისტორია და კულტურა“.
ქვემოთ მოცემულ ჩემს რეცენზიაში უფრო მეტს შეიტყობთ წიგნის შესახებ.

„გიორგი მელაძის წიგნი „გერმანიკული ტომების ისტორია და კულტურა“ კარგი შენაძენია როგორც უნივერსიტეტების ინგლისური, გერმანული და სკანდინავიური ფილოლოგიის მიმართულებების სტუდენტებისა და სპეციალისტებისათვის, ისე გერმანიკული ენებითა და, ზოგადად, გერმანიკული სამყაროთი დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

გ. მელაძის წიგნში განხილულია გერმანიკული მოდგმის ტომებთან დაკავშირებული საკითხების ფართო წრე, კერძოდ: ძველგერმანიკულ ტომთა ადათ-წესები და ზნე-ჩვეულებები, სახალხო თავყრილობები _ თინგები და პარლამენტარიზმის საწყისები, ძველგერმანიკული ალიტერაციული პოეზია და მისი ლექსთწყობა, პოეზიის ჟანრები და თემატიკა, ძველგერმანიკულ ტომთა რელიგიური შეხედულებები, წარმართული პანთეონი და კოსმოგონიური წარმოდგენები. წიგნში დეტალურადაა წარმოდგენილი ძველგერმანიკულ ტომთა კლასიფიკაცია და მათი მიმართება თანამედროვე გერმანიკულ ენებზე მოლაპარაკე ერებთან, ასევე მათი როლი როგორც გერმანიკულ ენებზე მოლაპარაკე ხალხთა ისტორიაში, ასევე ევროპის არაგერმანიკული ქვეყნების ისტორიაში.

უნდა აღინიშნოს, რომ უკვე რამდენიმე წელია გ. მელაძის აღნიშნული ნაშრომი წარმატებითაა ჩართული, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური და სკანდინავიური მიმართულებების სალექციო კურსებში: „გერმანიკული ფილოლოგიის საფუძვლები“ (ბაკალავრიატი) და „გერმანიკული ენების შედარებითი გრამატიკა“ (მაგისტრატურა). სტუდენტები დიდი ინტერესით მუშაობენ გ. მელაძის ნაშრომით და ეცნობიან გერმანიკული ენების ისტორიულ, ლიტერატურულ და მითოლოგიურ კონტექსტებს, რასაც თან ახლავს ფართო ერუდიციის მქონე ავტორის საინტერესო ეტიმოლოგიური წიაღსვლები. სხვადასხვა თაობის სტუდენტები აღნიშნავენ, რომ გ. მელაძის ნაშრომმა მათ მნიშვნელოვნად გაუფართოვა თვალსაწიერი და ბევრი ლინგვისტური ფაქტიც კი სხვაგვარად დაანახა.

გ. მელაძეს სამეცნიერო წრეებში იცნობენ როგორც ლექსიკოგრაფს, „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ სარედაქციო კოლეგიის წევრს. ამჯერად კი იგი საზოგადოების წინაშე წარსდგება მისი მეორე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინტერესით, რაც გერმანიკულ სამყაროს უკავშირდება, და რაშიც მას დიდი ცოდნა აქვს დაგროვილი”.

ქვემოთ არის ბმული გ. მელაძის წიგნის ელექტრონულ ვერსიაზე.

margaliti.com/teutonic_10.VI_WEB.pdf

 

 


 
დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია