1993-1994 წლებში დამევალა თსუ ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის მომემზადებინა სალექციო კურსები საგნებში: „ინგლისური ენის ისტორია“ და „გერმანიკული ფილოლოგიის საფუძვლები“. ორივე ეს სალექციო კურსი მოითხოვდა არა მხოლოდ თეორიული საკითხების დამუშავებას, არამედ გოთური და ძველი ინგლისური ტექსტების ანალიზს, რაშიც დამეხმარნენ: პროფესორი მედეა კრავეიშვილი (უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი) და თსუ-ს პროფესორი ანასტასია ლაშქარაძე.
ინგლისური ენის ისტორიისა და გერმანიკული ფილოლოგიის საფუძვლების სწავლებისას დიდ ყურადღებას ვუთმობდი ტექსტებზე მუშაობას. ამისათვის მქონდა ბეჭდური ქრესტომათიები და ლექსიკონები.
საქართველოში ციფრული ჰუმანიტარიის განვითარებასთან ერთად დაიბადა სტუდენტებისათვის ონლაინ-ქრესტომათიის შექმნის იდეა. სწორედ ამ პერიოდში ჩვენ ინტერნეტით გავიცანით ბატონი მალხაზ აბულაძე, რომელიც ასევე გატაცებულია ძველი ინგლისურით და გოთურით და მისმა გამოჩენამ გადაგვაწყვეტინა დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელება.
თავდაპირველად შედარებით მარტივი საიტი გავაკეთეთ, სადაც განვათავსეთ რამდენიმე ფრაგმენტი ძველი ინგლისური და გოთური წერილობითი ძეგლებიდან, რომლისთვისაც ლექსიკონები სწორედ მალხაზმა შეადგინა.
gothic.margaliti.com
მოგვიანებით გავთამამდით, პროექტი წარვადგინეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტზე და მოვიპოვეთ დაფინანსება. დაფინანსების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო პროექტის პროგრამული მხარის განხორციელება. ქრესტომათიის ტექსტების ყოველი სიტყვა ლემატიზებულია და დაკავშირებულია როგორც სალექსიკონო სიტყვა-სტატიასთან, ისე გრამატიკულ პარადიგმასთან. ქრესტომათიას აქვს ქართული და ინგლისური ინტერფეისი, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის ინგლისურენოვანი აუდიტორიისათვის.
ეს პროექტი იყო ჩვენი ერთ-ერთი ბოლო საგრანტო პროექტი (2017 - 2019), რომელზეც ყველამ დიდი გატაცებით ვიმუშავეთ. ინტერნეტში განთავსებულია გოთური და ანგლოსაქსური წერილობითი ძეგლების ონლაინ-ქრესტომათია germanic.ge. მე და გიორგი მელაძემ ქრესტომათია მივუძღვენით პროფესორების: მედეა კრავეიშვილისა და ანასტასია ლაშქარაძის ნათელ ხსოვნას.
ონლაინ-ქრესტომათია უკვე გამოვიყენე ორივე საგნის სწავლებისას და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ამ რესურსისთვის შესრულდა შემდეგი სამუშაოები შემდეგი ავტორების მიერ:
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი - თინათინ მარგალიტაძე
პროექტის მთავარი რედაქტორი - გიორგი მელაძე
- ქრესტომათიისათვის ტექსტების შერჩევა: გიორგი მელაძე, მალხაზ აბულაძე, თინათინ მარგალიტაძე;
- გოთური ტექსტების ლემატიზაცია (ტექსტში დადასტურებული სიტყვაფორმების ლემების დადგენა) - გიორგი მელაძე;
- ანგლოსაქსური ტექსტების ლემატიზაცია: მალხაზ აბულაძე, გიორგი მელაძე, მაია დავლიანიძე;
- გოთური ენის ძირითადი მეტყველების ნაწილების (არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა) მორფოლოგიური პარადიგმების შედგენა კომენტარებით - გიორგი მელაძე;
- ანგლოსაქსური ენის ძირითადი მეტყველების ნაწილების (არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა) მორფოლოგიური პარადიგმების შედგენა კომენტარებით - გიორგი მელაძე;
- ცხრილების / ალგორითმების შექმნა ტექსტების სიტყვაფორმების, სალექსიკონო სიტყვა-სტატიებისა და მორფოლოგიური პარადიგმების შიდა ბმულებით დასაკავშირებლად - გიორგი მელაძე
- გოთურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების შედგენა - მალხაზ აბულაძე;
- გოთურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების რედაქცია: გიორგი მელაძე (A – F), თინათინ მარგალიტაძე (G – Z)
- გოთურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების ინგლისურად თარგმნა: გიორგი მელაძე, თინათინ მარგალიტაძე;
- ანგლოსაქსურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების შედგენა - მალხაზ აბულაძე;
- ანგლოსაქსურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების რედაქცია - გიორგი მელაძე;
- ანგლოსაქსურ-ქართული ლექსიკონის სიტყვა-სტატიების ინგლისურად თარგმნა - გიორგი მელაძე;
- გოთური და ანგლოსაქსური ლექსიკონების სიტყვა-სტატიების ტექნიკური მომზადება ონლაინ-ქრესტომათიისათვის ექსელის ფორმატში - მაია დავლიანიძე;
- გოთური და ანგლოსაქსური მორფოლოგიური პარადიგმების ინგლისურად თარგმნა - გიორგი მელაძე, თინათინ მარგალიტაძე;
- ქრესტომათიის კორექტურა: გიორგი მელაძე, მაია დავლიანიძე, გელა ხუნდაძე.
გოთური და ანგლოსაქსური წერილობითი ძეგმების ონლაინ-ქრესტომათია მე და გიორგიმ წარვადგინეთ ორ საერთაშორისო კონფერენციაზე 2019 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში. 2019 წელს ასევე გამოქვეყნდა ჩვენი ვრცელი სტატიას ამ პროექტის შესახებ სამეცნიერო ჟურნალში Lexikos. ქვემოთ მოცემულია სტატიის ბმული.
doi.org/10.5788/29-1-1513
|
|