ლექსიკოგრაფიის სწავლება

2008 წლიდან დავიწყე მუშაობა ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესაქმნელად, რადგან ღრმად მწამდა, რომ ლექსიკოგრაფიის აკადემიურ დისციპლინად გადაქცევა შეუძლებელი იყო მისი უნივერსიტეტში სწავლების გარეშე.

2008 წელს შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა „ენა და ლექსიკოგრაფია“, რომელიც მოგვიანებით გავაერთიანეთ „ანგლისტიკის“ სამაგისტრო პროგრამაში მოდულის სახით. კვალიფიკაციების ეროვნულ ჩარჩოში გაჩნდა ახალი კვალიფიკაცია - ლექსიკოგრაფიის მაგისტრი, რომელიც ენიჭება ჩვენი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. პროგრამა იხვეწებოდა სემესტრიდან სემესტრამდე და წლიდან წლამდე. დღეს დღის წესრიგში დგას მისი განახლება ახალი სახელწოდებით: „ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და ენობრივი ტექნოლოგიები“. 2011 წელს შეიქმნა სადოქტორო პროგრამა, რომელიც გაერთიანდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაში „ფილოლოგია“, როგორც ერთ-ერთი მიმართულება.

ორივე პროგრამა უკვე ბევრმა სტუდენტმა დაამთავრა. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 5 სტუდენტმა.

ჩემი სტუდენტებიდან მინდა გამოვყო სოფო დარასელია, რადგან ის იყო როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო პროგრამების პირველი სტუდენტი, პირველი ლექსიკოგრაფიის მაგისტრი და პირველი ფილოლოგიის დოქტორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით. დღეს სოფო ჩართულია ჩვენს სამაგისტრო პროგრამაში და სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსს კორპუსულ ლინგვისტიკაში.

2017 წელს მე მიმიწვიეს EMLEX-ის (European Master in Lexicography), ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის უცხოელ ექსპერტად. ეს მიწვევა იყო ჩვენ მიერ ჩატარებული EURALEX-ის კონგრესის პირველი მნიშვნელოვანი შედეგი. აღნიშნული პროგრამა უკვე 10 წელია არსებობს და იგი დააარსა 8 ევროპული უნივერსიტეტისაგან შემდგარმა კონსორციუმმა. კონსორციუმი ყოველ 6 თვეში ერთხელ იკრიბება და დეტალურად განიხილავს პროგრამის მუშაობას. მე დავესწარი კონსორციუმის სხდომას, რომელიც რომის უნივერსიტეტში ჩატარდა. ამავე სხდომაზე გადაწყდა ჩვენი მიღება კონსორციუმის ასოცირებულ წევრად. მე ასევე ჩავერთე სამაგისტრო პროგრამის სწავლების პროცესში. ამ ფაქტმა ქართველ სტუდენტებს გაუხსნა გზა ევროპული განათლებისაკენ. ერთმა სტუდენტმა უკვე დაასრულა პროგრამა და დაიცვა დიპლომი, ორი სტუდენტი კი წელს ჩაირიცხა პროგრამაზე სრული ევროპული დაფინანსებით.

www.emlex.phil.fau.eu

 

 


 
დიზაინი და პროგრამირება: კობა თირქია