ლექსიკოგრაფიის ცენტრის 25-წლიანი საქმიანობის ანგარიშს ვიწყებთ „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონით“. ლექსიკონის მასალის რედაქტორად, ბატონი არიანე ჭანტურიას რეკომენდაციით, ინგლისური ფილოლოგიის კათედრამ 1985 წელს მიმიწვია.
რა მასალა დამხვდა?
ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გადაწყვეტილებით, ლექსიკონს საფუძვლად დაედო ილია გალპერინის საერთო რედაქტორობით შექმნილი „ახალი ინგლისურ-რუსული ლექსიკონი“, რომელიც უნდა თარგმნილიყო ქართულად.
მემორანდუმში, რომელსაც ხელს ვაწერთ მე, კათედრის იმჟამინდელი გამგე, პროფესორი რუსუდან ენუქიძე და იმჟამინდელი რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან გორდეზიანი, დეტალურადაა აღწერილი რა მასალა გადმომეცა. ეს იყო მთლიანი სალექსიკონო მასალის 46%, დანარჩენი 54 % არ არსებობდა და შესადგენი იყო. არსებული სიტყვა-სტატიებიც, ძირითადად იყო გალპერინის ლექსიკონის თარგმანი რუსულიდან.
ლექსიკონის პირველადი მასალის შედგენაზე მუშაობდნენ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის თანამშრომლები: გულნარა ანთელავა, სალომე ბოლქვაძე, ლალი გომიაშვილი, ლია გიორგაძე, ლილი გოქსაძე, რუსუდან ებრალიძე, რუსუდან ენუქიძე, ქეთევან თუხარელი, ქეთევან კოპალეიშვილი, ცირა მათურელი, ნანა მამაცაშვილი, მარინე მეტრებელი, გიული რობაქიძე, ციალა საკარული, ნელი საყვარელიძე, დარეჯან სირია, ნანა ძიწენიძე, დალი ჭილაია, ციცინო ხვედელიძე, თამარ ჯაში.
დაიწყო ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მასალის საფუძვლიანი გადამუშავების და არარსებული მასალის შედგენის რთული და ხანგრძლივი პერიოდი. სარედაქციო კოლეგიამ გალპერინის ლექსიკონის მასალა მთლიანად გადაამუშავა ოქსფორდის ინგლისური ენის 20-ტომიანი განმარტებითი ლექსიკონის დახმარებით, ასევე უებსტერის დიდი ლექსიკონით, ლონგმენის, კობილდის და სხვა ლექსიკონებით. ქვემოთ მოცემულ ბმულზე არის ჩვენ მიერ გამოყენებული ლექსიკოგრაფიული წყაროების სრული ნუსხა,
https://margaliti.ge/new/sources.htm
ჩვენს ქვეყანაში ინტერნეტის გავრცელების კვალდაკვალ, სარედაქციო სამუშაოებში ჩავრთეთ ინგლისური ენის ეროვნული კორპუსი.
**********
1993 წელს მივიღეთ ლექსიკონის მასალის გაციფრებისა და ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნების გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ 10-წლიანი მუშაობის შემდეგ ჩვენი გუნდისთვის საჭირო იყო ლექსიკონის თუნდაც პატარა ნაწილის წიგნად გამოცემა, რაც, ჩვენი აზრით, სტიმული იქნებოდა ყველასათვის გაგვეგრძელებინა ეს რთული გზა.
1995 წელს გამოიცა ლექსიკონის პირველი ტომი და ასე დაიწყო ეს საქმე. დღეისათვის გამოცემულია ლექსიკონის 14 ტომი, რაც დაახლოებით 2 500 ნაბეჭდ გვერდს შეადგენს.
2010 წელს გადავწყვიტეთ ლექსიკონის ინტერნეტში განთავსება და შეიქმნა ონლაინლექსიკონის პლატფორმა, რომელმაც გააერთიანა როგორც უკვე გამოცემული ტომები, ასევე ის ტომები, რომლებიც წიგნად არ იყო გამოქვეყნებული. ონლაინლექსიკონი განთავსებულია მისამართზე: www.dict.ge
**********
დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შექმნის იდეა ეკუთვნის ცნობილ ქართველ მთარგმნელს, ინგლისური ფილოლოგიის კათედრის პირველ გამგეს, პროფესორ გივი გაჩეჩილაძეს. ვის, თუ არა მთარგმნელს, შექსპირის სონეტებისა და ინგლისური პოეზიის არაერთი მარგალიტის ქართულ ენაზე ამმეტყველებელს, ესმოდა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ინგლისურენოვანი ლიტერატურის ქართულად სრულფასოვნად თარგმნისათვის აკადემიურ, ვრცელ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონს. ამგვარი ლექსიკონის შექმნა მრავალი თაობის ოცნება იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ყველა გამგე, პროფესორები: მერი იანქოშვილი, ნიკო ყიასაშვილი და რუსუდან ენუქიძე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კათედრის ამ სამეცნიერო პროექტს და ხელს უწყობდნენ მის განხორციელებას.
მე და ბატონი არიანე ჭანტურია ფრთხილად ვარჩევდით ვინ მოგვეწვია ლექსიკონის რედაქტორებად. 1996 წლიდან სარედაქციო სამუშაოებში ჩაერთო გიორგი მელაძე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ლექსიკონის შექმნის საქმეში. ინგლისური ფილოლოგიის კათედრის პედაგოგი, ჩინებული ლექსიკოლოგი გულიკო ანთელავა ჩვენი გუნდის წევრი იყო გარდაცვალებამდე. მე ყოველთვის ვიყავი გარშემორტყმული სტუდენტებით, რომლებიც მეხმარებოდნენ ჩემ მიერ რედაქტირებული ბარათების გადათეთრებაში, ზოგი მათგანი ადგენდა ახალ სიტყვა-სტატიებს და თანდათან გვიახლოვდებოდა. ასე ჩაერთნენ ლექსიკონის სარედაქციო სამუშაოებში ჩემი და ბატონი არიანეს ყოფილი სტუდენტები: ნათია კვერნაძე და ხათუნა გურიელი. ჩვენს ლექსიკონს დიდი ამაგი დასდო პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ, რომელიც სალექსიკონო სიტყვა-სტატიებს ქართული ენის თვალსაზრისით ასწორებდა.
https://margaliti.ge/new/auth.htm
**********
ცალკე აღნიშვნის ღირსია დარგობრივი ტერმინოლოგია, რომელიც დიდი რაოდენობითაა შეტანილი ლექსიკონში. ბატონმა არიანემ, რომელიც ქართული სამეცნიერო ლიტერატურის უბადლო მთარგმნელი იყო ინგლისურ ენაზე, და რომლისგანაც პრაქტიკულად იწყება სამეცნიერო ლიტერატურის ინგლისურად თარგმნა საქართველოში, გაგვაცნო ყველა არსებული რუსულ-ქართული თუ განმარტებითი დარგობრივი ლექსიკონი და გვასწავლა ამ ლექსიკონებით ინგლისურ-ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა. იმ ტერმინებისათვის, რომლებიც არ იყო შეტანილი არსებულ დარგობრივ ლექსიკონებში, შევქმენით ექსპერტთა კომისია, რომელშიც იმ პერიოდის თვალსაჩინო ქართველი მეცნიერები შედიოდნენ. ესენი იყვნენ ბატონები: ევგენი ხარაძე, არნოლდ გეგეჭკორი, ზურაბ კიკნაძე, რეზო ჟორდანია, ირაკლი ელიავა, სერგო ჯორბენაძე, ნინო ფორაქიშვილი და სხვები. ყველა ეს მეცნიერი აქტიურად თანამშრომლობდა ბატონ არიანესთან და ჩვენს სარედაქციო გუნდთან. მე მათთან მივდიოდი ტერმინების გრძელი სიით და ისინიც დაუზარებლად გვეხმარებოდნენ. ასე ვიმუშავე 12 წელი. დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მე-4 ტომიდან, 1996 წელს შევქმენით ტერმინოლოგიური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ გიორგი მელაძე, გელა ხუნდაძე და ვიქტორ სოხაძე. ამის შემდეგ ტერმინოლოგიაზე ისინი მუშაობდნენ და მართლაც ჩინებულ ტერმინოლოგებად ჩამოყალიბდნენ.
ლექსიკონში შესულია შემდეგი დარგების ტერმინოლოგია: ავიაცია, საავტომობილო საქმე, ანატომია, არქეოლოგია, არქიტექტურა, ასტრონომია, საბანკო საქმე, ბაქტერიოლოგია, ბიოლოგია, ბიოქიმია, გეოგრაფია, გეოდეზია, გეოლოგია, საგზაო, საეკლესიო, რელიგიური, ელექტროტექნიკა, ვეტერინარია, საზღვაო საქმე, სამხედრო, ზოოლოგია, ბოტანიკა, იურიდიული, ლინგვისტიკა, მათემატიკა, მედიცინა, მეტალურგია, მებარეობა, მეფუტკრეობა, მინერალოგია, მუსიკა, სამშენებლო საქმე, ოპტიკა, პალეონტოლოგია, ფიზიოლოგია, გენეტიკა, იმუნოლოგია, პოლიგრაფია, რადიოტექნიკა, კომპიუტერული, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობა, ტექნიკური, ტელევიზია, ტოპოგრაფია და მრავალი სხვა.
**********
„დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში“ დღეისათვის შესულია 110 000 სიტყვა-სტატია. ვინაიდან ეს არის ვრცელი ლექსიკონი, მასში მაქსიმალურად სრულადაა აღწერილი ინგლისური სიტყვების პოლისემიური მნიშვნელობები, მათ შორის მოძველებული და არქაული მნიშვნელობები, ლექსიკონში შეტანილია მოძველებული და არქაული სიტყვებიც, რაც მხატვრული ლიტერატურის თარგმნისათვის აუცილებელია. ლექსიკონში შეტანილი დარგობრივი ტერმინოლოგია კი აუცილებელია ინგლისურენოვანი დარგობრივი ტექსტების სათარგმნად. ლექსიკონში ასევე შეტანილია შესიტყვებები, ფრაზეოლოგიური ერთეულები, რაც მთლიანობაში შეადგენს 800 000 ერთეულს.
როგორც აღინიშნა, დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შედგენაზე არაერთი თაობის მთარგმნელები ოცნებობდნენ. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ლექსიკონის გამოცემამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინგლისური ენიდან თარგმნის ხარისხი. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ისეთი სრულიად განსხვავებული ჟანრის ტექსტების მთარგმნელები, როგორებიცაა შექსპირი, ჯეიმზ ჯოისი, ვირჯინია ვულფი და სხვები, აღნიშნავენ თუ როგორ ეხმარება მათ ლექსიკონი რთული პასაჟების გაგებასა და ადეკვატურად თარგმნაში.
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს, როდესაც ქართული ენა ინგლისური ენის დიდ გავლენას განიცდის, „დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება.
ამ ბმულზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი სტატია:
The Comprehensive English-Georgian Online Dictionary and Translation of Shakespeare into Georgian
https://margaliti.com/shakespeare.pdf
**********
როგორ ფინანსდებოდა ლექსიკონი?
როდესაც ლექსიკონის მასალის გაციფრება გადავწყვიტეთ 1993 წელს, მე და ინგლისური ფილოლოგიის კათედრის იმჟამინდელი გამგე, პროფესორი რუსუდან ენუქიძე 6 თვე დავდიოდით კარდაკარ. ჩვენ ვთხოვდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გამოეყო ჩვენთვის ორი კომპიუტერი და ორი ოპერატორი, რომლებიც ლექსიკონის ათასობით ბარათის კომპიუტერში შეყვანაზე იმუშავებდნენ.
ამაოდ დავშვრით...
ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა ფინანსურად დაგვხმარებოდა. შევიძინეთ კომპიუტერები, პრინტერები, დავიქირავეთ ოპერატორები და დაიწყო ათასობით ბარათის კომპიუტერიზაციის პროცესი.
ალბათ დღეს ეს ფაქტი დაუჯერებელია, მაგრამ კომპიუტერული ტექნიკა ბულგარეთიდან ჩამოვიტანეთ, აქ არ იშოვებოდა.
აქ უნდა ვახსენო კომპიუტერული ტექნოლოგიების ჩინებული სპეციალისტი, ბატონი გია შერვაშიძე, რომელმაც შეგვიქმნა ფონტი ჩვენი ლექსიკონისათვის. დაუჯერებელია, მაგრამ იმ დროს ქართული ფონტიც არ არსებობდა. ფონტს დავარქვით dictionary.
1993 წლიდან 18 წელი ლექსიკონის პროექტს ჩემი ოჯახი აფინანსებდა.
2000 წელს ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა, სასწორზე იდო ლექსიკონიც, ოჯახიც, მომავალიც. მე მომიხდა საოჯახო ბიზნესში ჩართვა და სამი წლით ჩამოვშორდი აქტიურ ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას, ლექსიკონის მე-10 ტომი (JKL) ძირითადად გიორგი მელაძემ გადაამუშავა.
კავშირგაბმულობის სფეროში მიღებული გამოცდილება დამეხმარა ელექტრონული ლექსიკოგრაფიის განვითარებაში.
2004 წელს აღნიშნული კომპანია გაიყიდა და მე კვლავ დავუბრუნდი ლექსიკოგრაფიას. კომპანიის გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილი კი კვლავ ლექსიკოგრაფიის ცენტრს ხმარდებოდა, ვიდრე 2011 წელს ცენტრი საუნივერსიტეტი ცენტრი არ გახდა.
**********
რა მდგომარეობაა დღეს?
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ლექსიკონის მესამე რედაქციაზე და განახლებული ასოები ეტაპობრივად ქვეყნდება ონლაინვერსიაში. ამასთან ერთად მიმდინარეობს ლექსიკონის მასალის კონვერტაცია IDM-ჯგუფის ლექსიკონის მართვის სისტემაში (Dictionary Publishing System), რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვცეთ ლექსიკონის ახალი ონლაინვერსია თანამედროვე საძიებო სისტემებითა და დამატებითი ფუნქციონალებით. გამოსაცემად ვამზადებთ ლექსიკონის ბოლო ასოებს (R - Z). ლექსიკონის ყველა ტომის გამოქვეყნების შემდეგ, „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“ გამოიცემა ერთიანად ორ ან სამ ტომად.
ლექსიკონის განახლებასა და შევსებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
თინათინ მარგალიტაძე
დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მთავარი რედაქტორი და გამომცემელი.
1995 წლის 28 ნოემბერი, ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პირველი ტომის პრეზენტაცია კავკასიურ სახლში. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|